„ე.წ. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ყველა ხელისუფლების დასასრული იწყება მაშინ, როდესაც იწყება ხელისუფლების მიერ მასმედიის დევნა,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია,” გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.
გრიგოლ ვაშაძე ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს თავისუფალ მედიაზე გავლენის მოხდენას.
„არაფერი ახალი არ არის, რაც ტელევიზია „იბერიას“ გარშემო ხდება, ეს ჩვენ უკვე ვნახეთ „რუსთავი 2“-თან მიმართებაში, ეს ჩვენ უკვე ვნახეთ „პირველთან“ მიმართებაში და მარტივი არის ე.წ. ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის მართვა უნდა, როგორც თავისი პირადი კომპანიის, ცდილობს თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ყველგან, სადაც შეუძლია. საზოგადოების ვალდებულება არის დაიცვას თავისუფალი სიტყვა,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ტელეკომპანია „იბერია“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. არხის თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლასა და ტელევიზიის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნატო ჩხეიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას კომპანიის ფინანსური პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, ტელეკომპანია „იბერიას“ დათმობას სთავაზობდნენ.