19 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ვხედავთ სახელისუფლებო ტერორს, სახელისუფლებო რეპრესიებს, რომელიც მიმდინარეობს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ - ნიკა მაჭუტაძე

პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ნიკა მაჭუტაძე ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 

ტელეკომპანიის ხელმძღვანელები და თანამშრომლები, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. ამ წუთებში "იბერიას" თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით, საპროტესტო მსვლელობას მართავენ - ტელეკომპანიამ მაუწყებლობა რამდენიმე საათით შეაჩერა.

ნიკა მაჭუტაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია გმობს ტელეკომპანიის მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს და სოლიდარობას უცხადებს.

„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ და ვემიჯნებით ამ სახელისუფლებო რეპრესიებს და ვაცხადებთ, რომ ჩვენ ქართული საზოგადოება, ქართული სამოქალაქო პოლიტიკური სპექტრი არავის დაუთმობს თავის უმთავრეს მონაპოვარს, ქართველი ხალხის უმთავრეს მონაპოვარს, ეს არის სიტყვის თავისუფლება,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ტელეკომპანია „იბერიას“ მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს ნიკა მაჭუტაძე „ტერორად“ აფასებს.

„ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სახელისუფლებო ტერორს, სახელისუფლებო რეპრესიებს, რომელიც მიმდინარეობს თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ და რომელიც მიმართულია ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების მოშლისთვის,“ - განაცხადა მაჭუტაძემ.

ნიკა მაჭუტაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია „იბერიის“ მიმართ სოლიდარობით, მთლიანად დამოუკიდებელ მედიას უჭერს მხარს. ნიკა მაჭუტაძემ პარალელი "რუსთავი 2"-თანაც გაავლო და აღნიშნა, რომ სამაუწყებლო კომპანია დახურვას ევროსასამართლომ გადაარჩინა.

„ჩვენი დაცვა ტელეკომპანია „იბერიისა“ არის არა მხოლოდ ერთი მედიასაშუალების, არამედ მთელი ქართული დემოკრატიის, თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის გამოსარჩლებაც,“ - განაცხადა მაჭუტაძემ

ნიკა მაჭუტაძის თქმით, მედიის წინააღმდეგ ბრძოლა წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურდა.

ტელეკომპანია "იბერია" ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. თანამშრომლები ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ, რის გამოც მაუწყებლობა რამდენიმე საათით გათიშული იქნება. მათ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანიის დათმობაზე ესაუბრება. 

დღის ამბები