საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიქაბის და ჩადრის ტარება შესაძლოა მალე აიკრძალოს - აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში ემზარ კვიციანმა და ზვიად ტომარაძემ წარადგინეს. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 169-ე პრიმა მუხლში უნდა შევიდეს და ის პირველ ჯერზე 500 ლარიან, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ავტორების თქმით, მსგავს სამოსში პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია და გარკვეული რეგულაციების შემოღებაა აუცილებელი.
მათივე განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის მიმართ „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატს სიმპატიები გააჩნია.
დაუჭერენ თუ არა დეპუტატები მხარს საკანონმდებლო ინიციატივას, ერთი თვის ვადაში გადაწყდება.
„ეს არ არის კავშირში რელიგიასთან, მე ყველა რელიგიას პატივს ვცემ, ეს არის უსაფრთხოების საკითხი,“-აცხადებს „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე.