"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი, მმართველი გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილისადმი გამოხატულ მხარდაჭერას აფასებს.
განცხადება ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და სალომე ზურაბიშვილს რუსეთის აგენტი უწოდა.
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავს გადაწყვეტილებას ელოდა.
„ვაი ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაგვახარა და როგორც მოსალოდნელი იყო, გახსნა უკანასკნელი სამაშველო რგოლი კრემლის კანდიდატურის, სალომე ზურაბიშვილის სახით - პრინციპით, ჩემი არ არის მაგრამ სრულიად ჩემია, მმართველი პარტია მხარს უჭერს პერსონას, რომლის წიგნი მოსკოვმა წარადგინა მტკიცებულებად საერთაშორისო სასამართლოებში, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კანონიერად ჩამოსცილდა საქართველოს და ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. შესაბამისად, დღეს უკვე წყდება არა პრეზიდენტის არჩევის საკითხი, არამედ ეს არის რეფერენდუმი, ქვეყნის სახელმწიფოს, ხალხის, ერთიანობაზე, აფხაზეთის დაბრუნებაზე, ცხინვალის დაბრუნებაზე. ვინც ამ სუბიექტს მისცემს ხმას, ის არის საქართველოზე ტყვიის მსროლელი, ვინც მას დააფინანსებს, ის არის ქვეყნის მტერი, ხოლო აქტივისტი, მისი მხარდამჭერი არის საქართველოს შადიმანი,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.