პოლიტიკური ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“ რომ არის ივანიშვილი, არ ვიცი, ბახტაძეს რატომ უჭირს ამის აღიარება - ეს განცხადება, „შენების მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
დავით უსუფაშვილი პრემიერის მიერ მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული სიტუაცია არ არის შექმნილი და ის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის წინაშეა ანგარიშვალდებული.
უსუფაშვილის თქმით, აშკარაა, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილია. დავით უსუფაშვილმა პრემიერს მეტი გამბედაობისკენ მოუწოდა.
„პრემიერ-მინისტრის შეცვლის პროცესში, მან სრულიად ღიად და აშკარად განაცხადა თავისი როლის შესახებ და ისიც თქვა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი და რატომ და ა.შ. ასე, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“, რომ არის ივანიშვილი, მე არ ვიცი, ბახტაძეს რატომ უჭირს ამის აღიარება და რატომ რცხვენია ამის. მე მივმართავ, ვთხოვ, ვურჩევ, მოვითხოვ, როგორც მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პრემიერის ბატონი ბახტაძისგან, იყავით ლიდერი, უფრო ყოჩაღი, უფრო შემტევი, უფრო დამაჯერებელი, ეს თქვენი სამსახურეობრივი მოვალეობაა,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
პრემიერმა ბახტაძემ ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე Financial Times-ის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე - ვინ არის თქვენი ბოსი? უპასუხა, რომ ის ანგარიშვალდებულია იმ ხალხის წინაშე, ვინც არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა.
პრემიერის განმარტებით, ოლიგარქიული სიტუაცია არ არის შექმნილი.