„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისია დატოვეს. მათ სხდომაზე სიები მიიტანეს, სადაც მათი თქმით, უკვე წინასწარ არის გაწერილი იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც კომისიებში დამოუკიდებელ წევრებად უნდა აერჩიათ.
ენმ-ში ამბობენ, რომ სიები წინასწარ „ქართული ოცნების“ მიერ არის შედგენილი და სიაში მყოფი ადამიანები მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები არიან.
საოლქო კომისიის სხდომას სამგორში დაესწრო თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც გააპროტესტა დამოუკიდებელი წევრების შერჩევის პროცესი.
ლევან ხაბეიშვილსა და სამგორის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს შორის შელაპარაკებაც მოხდა. მან ოლქის თავმჯდომარეს მიმართა და უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ ოფისიდან დირექტივებს იღებდა.
„ქართული ოცნების აქტივისტებს ასაქმებენ ცესკო-ში ნეიტრალურ წევრებად და ასე ვთქვათ, ჩრდილოეთ კორეაში, რომ მიმდინარეობს პროცესები, ისეთი პროცესია აქ. ყველანი ბრმად აუწევენ ხელს იმ 6 კომისიის წევრს, რომელიც მოუვიდათ „ქართული ოცნების“ შტაბიდან,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ბოლნისის საუბნო კომისიის წევრების შერჩევას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი აკრიტიკებს.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, ენმ-ს აქვს მტკიცებულებები, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად საოლქო კომისიის წევრები "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ პირებს ნიშნავენ.
„ბოლნისის შემთხვევა არის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც პირდაპირ გამგებლის ოჯახის წევრები, სიდედრი, ცოლის ძმა, სხვა ნათესავები, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ბატონი ვიქტორ ისიანის ცოლის ძმა, ბიძაშვილი, ნათესავები, მეუღლე და ა.შ. კონკრეტული სია გვაქვს, დაახლოებით, 25 კაციანი სია, სადაც ეს ოჯახის წევრები იქნებიან დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიაში და საერთოდ, რა ობიექტურ არჩევნებზე იქნება საუბარი ამ ადამიანების ხელში,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
წინასწარ შედგენილ სიებზე საუბრობენ გურიაშიც. ოზურგეთში ოპოზიციური პარტიების წევრები ამბობენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისია იქნება დაკომპლექტებული მთლიანად მმართველი გუნდის წევრების ახლობლების მიერ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესიკ ქათამაძე „ტოტალური გაყალბებისთვის“ მზადებაზე საუბრობს.
„შსს-ს გურიის სამხარეო სამმართველოში მიმდინარეობს ამ სიების გაცხრილვა, მათთვის სასურველი პირები, ვინც კონკრეტულად გააყალბებს უბნებს, იდენტიფიცირებულ ამომრჩევლებს, ვინც არ არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები გაუყალბებენ ბიულეტენებს, არ მოუწერენ ბიულეტენებზე ხელს, არ დაურტყამენ ბეჭედს, უბათილებენ ბიულეტენებს,“ - განაცხადა ქათამაძემ.