„ვინც ამართლებს რუსულ აგრესიას, თავად არის აგრესორის მხარეს,"- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატი 2008 წლის ომის დაწყებაში კვლავ საქართველოს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ, საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.
გიორგი მარგველაშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შემდეგ კითხვებსაც უპასუხა.
„ჩემი მთავარი გზავნილი იყო, რომ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰყოლოდა თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი, მივაღწიე მიზანს, „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინა კანდიდატი და ამით შევქმენი ოპოზიციისთვის, თავად წარადგინონ კანდიდატი და უფრო მეტი თანაბარი გარემო ჩამოყალიბებულიყო მათთვის. გამოიყენებენ თუ არა ამ შესაძლებლობას, მათზეა დამოკიდებული. საქართველოს პრეზიდენტის მთავარი გამოწვევა იქნება ის, რომ წავიდეს ბევრ დედაქალაქში და დაიცვას ქვეყნის პოზიცია. მან უნდა თქვას, რომ რუსეთი დაესხა თავს საქართველოს, არ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი რუსეთის აგრესიის გასამართლებლად. ვინც ცდილობს რუსეთის აგრესიის გამართლებას ჩვენს მიწაზე, აგრესორისა და ისტორიის ბნელ მხარეზე დგას. ამის გარდა, პრეზიდენტი არის მთავარსარდალი. ჯარისკაცები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განცხადებები მათ სამსახურს შეესაბამება, სადაც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენებს მათ სამსახურს,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.