19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ყველა შეზღუდვა და დარღვევა ემსახურება ერთადერთ მიზანს, პრეზიდენტად აქციონ ადამიანი, რომლის მხარდაჭერა საზოგადოებაში არის ძალიან დაბალი - აბესაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ შუალედურ დასკვნას, სადაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ეგზიტპოლებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების გამო არის გაკრიტიკებული, საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე ეხმაურება.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, მარეგულირებლის გადაწყვეტილება ეგზიტპოლთან დაკავშირებით „უკანონო“ იყო. აბესაძემ მარეგულირებელი კომისიის ის გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა, რომელის მიხედვითაც ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების გამო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ დააჯარიმეს.

აბესაძის შეფასებით, ყველა ეს შეზღუდვა დაბალი რეიტინგის მქონე საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ გამარჯვების მოპოვებას ემსახურება.

„ცალსახად უკანონო იყო მარეგულირებელი კომისიის გადაწყევტილება, რომელმაც ფაქტობრივად, შეზღუდა პოლიტიკური პარტიები, განეთავსებინათ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა და დააჯარიმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო. ასევე, მნიშვნელოვანი შეზღუდვა არის ინფორმაციის გავრცელების, როდესაც საუბარია გარკვეული კვლევების სანდოობის დამტკიცებაზე და გაუგებარია მექანიზმი, როგორ უნდა მოხდეს ეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა ეს შეზღუდვა და ყველა ეს დარღვევა ემსახურება ერთადერთ მიზანს, პრეზიდენტად აქციონ ადამიანი, რომლის მხარდაჭერა საზოგადოებაში არის ძალიან დაბალი,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა დღეს გაასაჯაროვა. 

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალი რეგულაციების ეგზიტპოლებთან დაკავშირებით, ქვეყანაში ისედაც არასახარბიელო წინასაარჩევნო გარემოს კიდევ უფრო აზარალებს.

ორგანიზაციის შუალედურ ანგარიში, რომელიც სწორედ წინასაარჩევნო გარემოს ეთმობოდა, ასევე მოხვდა პოლიტიკური რეკლამის განთავსების გამო „რუსთავი2“-ისთვის დაწერილი ჯარიმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები