ტელეკომპანია იბერიას საქმესთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა, გააკეთა.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, გავრცელებული ჩანაწერები ბევრ კითხვას აჩენს. მისი თქმით, მედიასა და ბიზნესზე ზეწოლა დაუშვებელია.
„ყველა საკითხის დამუშავება მნიშვნელოვანია. ჩვენ ვერ დავივიწყებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ბიზნესზე შესაძლო ზეწოლის საკითხი, თუმცა, თავის მხრივ, ბიზნესის თავისუფლება და ხელშეუხებლობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ბიზნესთან და სავარაუდო კორუფციულ თემებთან ერთად, ჩვენ ვერ დავივიწყებთ, რომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - მედია, რომელიც არის დემოკრატიული სახელმწიფოს ჟანგბადი და ამ ჟანგბადის შემცირება პირდაპირ აისახება მოქალაქეების ცხოვრების და ამ ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ერთ კვირაზე მეტია, რაც ტელეკომპანია იბერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ტელეკომპანიის თანამშრომლები ხელისუფლებას მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ და ამის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
თანამშრომლების განცხადებით, მედიაზე გავლენის მოპოვების მიზნით, ხელისუფლება ომეგა ჯგუფს ფინანსურ პრობლემებს უქმნის, რომელიც ტელეკომპანიის დამფინანსებელია.
იბერიას საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ივანიშვილის გარემოცვის წევრები ფინანსური პრობლემების მოგვარებისთვის 3 მილიონს ითხოვენ.
აუდიოჩანაწერში ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი "კონტრიბუციის სახით" უნდა გადაიხადოს ომეგა ჯგუფმა.