სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამავე საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.
სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება."
შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგია გუშინ სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ზუგდიდის ყოფილმა მერმა ე.წ. მოდულის შენობა გვიან ღამით დატოვა. ლაშა გოგიას გამოკითხვა 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა. გამოკითხვის დეტალებზე ყოფილ მაღალჩინოსანს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. მისი თქმით, განცხადებას ის ხვალ გააკეთებს.