ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი კომპანიის, “ომეგა ჯგუფის“ შესახებ გავრცელებული ახალ სკანდალურ ჩანაწერს საპარლამენტო უმცირესობის წევრები ეხმაურებიან.
„ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში "იბერიას“ გარშემო გავრცელებული აუდიოფაილები ცალსახად მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანიისთვის პრობლემების შექმნას სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
„ბოლო დღეები განმავლობაში რა ინფორმაციაც ვრცელდება „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო არის საკმარისი საფუძვლის მომცემი იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებას ხელში უნდა ჩაიგდოს ეს მედიაგამოცემა, არ მოსწონს მისი სარედაქციო პოლიტიკა და ყველაფერს აკეთებს, რომ ის გააჩუმოს“ -ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.
ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი კომპანიის „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე სკანდალურ გარიგებებზე „რუსთავი 2“-მა კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა.
სატელეფონო საუბარი სამ პირს შორის მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ესაუბრება, ასევე საუბრის მონაწილე პირია ბიზნესმენი და ვანო ჩხარტიშვილთან ერთად „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინაშვილი.
საუბრის მთავარი თემა თამბაქოს ფასების დარეგულირება, ბაზრის კონტროლი და "ომეგა ჯგუფის" წილების გაყოფაა.
საუბარში პირველად სახელდება ბიძინა ივანიშვილი.
ავტორი:ნინო გაზდელიანი