სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა რამდენიმე წუთის წინ პროკურატურა დატოვა. თითქმის 2-საათიანი გამოკითხვა, ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებულ სკანდალურ ჩანაწერებს ეხებოდა.
ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ემიჯნება საუბრის შინაარს და ამ ყველაფერში ვიღაცის პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს ხედავს.
„დაწყებულია გამოძიება. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ვითანამშრომლებთ მომავალშიც. ყველაფერს დაადგენს გამოძიება. ის რაც ხდება ეს აბსოლუტური ბოდვაა, ვემიჯნები. ეს ვიღაცის პოლიტიკური, ფინანსური ინტერესებია რაშიც მე მონაწილეობას ვერ მივიღებ და ამას ვემიჯნები, ამიტომ მე კატეგორიულად თხოვნა მაქვს ყველას მიმართ, განსაკუთრებით იმ ტელევიზიისადმი, რომელთა მიმართაც არის აგორებული თითქოს ეს აჟიოტაჟი, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ყველაფერი არის გამოგონილი ტყუილი. ამას კიდევ ყველაფერს დაადგენს გამოძიება რა არის და როგორ. ავთენტურობასაც დაადგენს ექსპერტიზა და გამოძიება,“-განაცხადა ლევან ყიფიანმა.
კითხვაზე ჰქონდა თუ არა მას მსგავსი ტიპის საუბარი იბერიას დამფუძნებელთან ზაზა ოქუაშვილთან, ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ ის არის მსხვერპლი.
„მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თანამშრომელი სამი წელი. ამიტომ არ ვიცი, მე მოვუწოდებ თქვენც ჟურნალისტებსაც და იბერიის ჟურნალისტებსაც, რომ შეიძლება რომელიმე ჟურნალისტი იგივენაირად გახდეს მსხვერპლი,“-განაცხადა ყიფიანმა.