საქალაქო სასამართლომ მერაბ მორჩაძის საქმე განიხილა. ის ბრალდებულია მოწმეზე ზემოქმედებაში. მერაბ მორჩაძის საქმე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს ცალკე გამოეყო. ისევე როგორც ეს მირზა სუბელიანის შემთხვევაში მოხდა.
თავად ბრალდებულ მერაბ მორჩაძე პროცესს არ დასწრებია. ადვოკატების განმარტებით, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. სასამართლომ იმსჯელა მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე თუმცა მერაბ მორჩაძე პატიმრობაში დატოვა.
„სასამართლოს მხრიდან აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხის განხილვა დაემსგავსა მხოლოდ ფორმალურ გადასინჯვას. ვინაიდან დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პირი ვერ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე. ეს გარემოება სასამართლომ არ ჩათვალა მნიშვნელოვნად,“-განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდების მხარემ აღნიშნა, არსებობდა რისკი მოწმეებზე ზემოქმედების, სწორედ ამ მიზნით იქნა მოთხოვნილი მერაბ მორჩაძის პატიმრობაში დატოვება.
„რისკები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სხვა გარემოებები მას ვერ გადაწონის და ბრალდებული დარჩა პატიმრობაში. საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართება. მოწმეები პროცესზე უნდა დაიკითხონ. შესაბამისად, მათ დაკითხვამდე ყოველთვის არსებობს რისკი იმისა, რომ შესაძლოა მათზე მოხდეს ზემოქმედება,“-განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.