პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, დღევანდელი საპროტესტო აქცია პოლიტიკური პარტიების ორგანიზატორობით არ იმართება.
"მე არ ვარ დღევანდელი აქციის ორგანიზატორი. როგორც ვიცი, არც პოლიტიკური პარტიები არიან ამ აქციის ორგანიზატორები. ჩვენ რეგიონებიდან უამრავი სამარშრუტო ტაქსით ჩამოყვანილი საჯარო მოხელეებიც გვახსოვს "ქართული ოცნების" მხრიდან, ამიტომ მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი ფორმა არის ჩვენი უფლება, მით უფრო მაშინ, როდესაც კონსტიტუციური უფლება ხმის ფარულობის, არჩევნების თავისუფლების არის წართმეული. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა მშვიდობიანი ფორმით", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ოპოზიცია მორიგი აქციისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონებიდან ჩამომსვლელების ტრანსპორტირების ხარჯს ოპოზიციური პარტიები ანაზღაურებენ, ვრცელდება ინფორმაცია თანხის შეთავაზებაზეც.