17 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"მიმდინარეობს ყველაზე უღირსი ფორმებით თავდასხმა მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქალი"- სოფო კილაძე

სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადებები ომთან დაკავშირებით პარლამენტში დებატების საგანი გახდა. მმართველმა გუნდმა ოპოზიცია მათი მხარდაჭერილი კანდიდატის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. ოცნება ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილზე ფორსირებული შეტევა მიმდინარეობს.

„თქვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც რუსეთის პასპორტი ვერ გააგდებინეს 2009 წლამდე ხელიდან ჩვენს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს რისთვის, რომ საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთაო. იგივეს აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში  სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი. რა აქვთ მაგათ სალაპარაკო სალომე ზურაბიშვილთან. მისი უშუალო ძალისხმევითაც მოხდა საქართველოდან  რუსული ბაზების გაყვანა,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომებზე ისაუბრა სიტყვით გამოსვლის დროს გია ვოლსკიმ. მისი თქმით, მაშინდელმა მთავრობამ თანმიმდევრულად არ იმოქმედა.

„21 ივლისს ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ  რუსეთი შემოჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე. ბოლომდე, 8 აგვისტომდე  9 აგვისტოს დილამდე ამტკიცებდნენ ესენი, რომ  რუსეთი არაფერ შუაში არ არის. და მერე ბრძანება დაწერა კიდევ, რომ რუსეთი თურმე მარტო 8 აგვისტოს შემოიჭრა.  რატომ იცით  პასუხი არ გასცეს იმ შეკითხვას რომელიც ჩვენ ყველას უნდა გვაღელვებდეს. რატომ არ შეატყობინა საერთაშორისო თანამეგობრობას, რატომ არ შევიდა  საკითხი უშიშროების საბჭოში და რატომ არ გამოიყვანა ხალხი, რომელიც დაიხოცა ადგილებზე,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

სოფო კილაძე კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის დევნა ოპოზიციის მხრიდან მისი გენდერული იდენტობის გამო ხდება. დეპუტატი ამბობს, რომ სწორედ ამის გამო აყენებს მას შეურაცხყოფას ოპოზიცია.

„ქალზე, პოლიტიკოსზე მიმდინარეობს ყველაზე უღირსი ფორმებით თავდასხმა მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქალი. ძალიან ბევრი პოლიტიკური  ძალისგან. პირველ რიგში ვიტყოდი ნაციონალური მოძრაობა და მისი სხვადასხვა დანაყოფები ახორციელებენ თავდასხმას და ეს თავდასხმა არის ყველაზე უღირსი ფორმებით, რაც ნამდვილად ყველაზე რბილად რომ ვთქვათ არის ძალიან ამორალური. თავდასხმა ასეთი უღირსი ფორმით, როდესაც ის არის ქალი და იმიტომ, რომ ის არის ქალი ეს არის ყოვლად მიუღებელი,“-განაცხადა სოფო კილაძემ. 

დღის ამბები