19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
აპელირება ხდება გარკვეულ ჩანაწერებზე, სადაც გარკვეული სახელები ისმის, მაგრამ მიუღებელია ამის ჩვენი პარტიის ხელმძღვანელთან დაკავშირება - დავითაშვილი 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი "ომეგა ჯგუფის" სკანდალურ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება. 

საქმე ეხება სკანდალურ აუდიოჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ. 

ლევან დავითაშვილის თქმით, აღნიშნული აუდიოჩანაწერებით ​სპეკულირება ხდება. მინისტრის განცხადებით, აბსურდია, თითქოს, ბიზნესიდან თანხები მმართველ პარტიაში მიემართებოდა.

„აბსურდული ბრალდებები იყო, მოსაზრებები იყო. ჩვენ დავინახეთ, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება სპეკულაცია გარკვეული ჩანაწერებით, მაგრამ აქ ვერაფერი სერიოზული მე ვერ დავინახე და გამიჭირდება კომენტარის გაკეთება იმაზე, რომ თქვენ კითხვაში იყო ნათქვამი, რომ თურმე გარკვეული თანხები ბიზნესმენების მხრიდან მიემართებოდა პარტიაში, ამაზე კომენტარიც კი ჭირს, იმდენად აბსურდულია ასეთი განცხადებები,“ - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ჩანაწერების, ბიზნესზე ზეწოლის ექსპრემიერ ივანიშვილთან დაკავშირება მისთვის მიუღებელია. 

„ისევ საუბარია, აპელირება ხდება გარკვეულ ჩანაწერებზე, სადაც გარკვეული სახელები ისმის, მაგრამ ამის საფუძველი რა არის წარმოუდგენელია და მიუღებელია ჩვენი პარტიის ხელმძღვანელთან დაკავშირება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

"კურიერმა" დღეს ახალი ჩანაწერი მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ. „კურიერის“ მიერ მოპოვებულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ.

ლევან ყიფიანი ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის, ძვირადღირებულ მანქანებს და ფულს ითხოვს.

დღის ამბები