ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის ხმაურიანი საპარლამენტო განხილვის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ კენჭი „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დადგენილებას უნდა უყაროს.
„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნას კი პარლამენტი ცნობად მიიღებს. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში დებატები მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარტიული და არაკომპეტენტური დოკუმენტი მიიღეს.
„ჩვენ დავადგინეთ, რომ არ ჩატარდა ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. დაისვა საკითხი ჩვენ მიერ საგამოძიებო სისტემის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. რაც მთავარია, არ დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელს შეშლას რომელიმე უწყების მხრიდან ან ადგილი ჰქონდა რომელიმე პოლიტიკური მოტივით ამ საქმეში ჩარევას. ჩვენი ამოცანა იყო საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა ამ ბატონებმა და ქალბატონებმა, ალბათ, ყველამ არა, შექმნეს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ მათ უნდა დაედგინათ მკვლელი. ეს მოლოდინი ჩვენ არ შეგვიქმნია. ეშხში შევიდნენ, რომ მათ გადაეცათ მმართველობა რაიმე სახის,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.