„ნათელია, რომ ჩვენ დღეს ქვეყანაში ხელისუფლების ნაცვლად, რაღაც დანაშაულებრივი სინდიკატი გვყავს, რომლის მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერების შეფასებისას გააკეთა.
სალომე სამადაშვილის თქმით, აუდიოჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ ბიზნესმენს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ, რეკეტის თვალსაჩინო მაგალითია.
„ისინი უკვე რეკეტს და ხარკის აკრეფას ემსახურებიან სხვადასხვა ბიზნესებიდან. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, სამწუხაროდ, მაფიოზურ სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლება აყაჩაღებს, ხარკს იღებს დამოუკიდებელი ბიზნესისგან და ამით ინახავს საკუთარ პოლიტიკურ პროექტს „ქართული ოცნების“ სახით,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"კურიერმა" დღეს ახალი ჩანაწერი მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ.
„კურიერის“ მიერ მოპოვებულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ.
ლევან ყიფიანი ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის, ძვირადღირებულ მანქანებს და ფულს ითხოვს.