პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი რეგლამენტში შესატან იმ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი უნდა განისაზღვროს.
ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ ინტერესში შედიოდა.
„თავის დროზე, როდესაც სააკაშვილმა ეს პარლამენტი ქუთაისში ააშენა და არ ვიცი, კოლოსალური თანხები დაჯდა, ეს ყველაფერი გააკეთა, მისი პოლიტიკური რისკების შესამცირებლად, იმისთვის, რომ თბილისში აქციები არ მოეწყოთ და ამით ქვეყანას მიაყენა ძალიან სერიოზული ზიანი,“ - განაცხადა სესიაშვილმა.
სესიაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტის თბილისში სრულად გადატანის საკითხი იმიტომ დადგა, რომ ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდება ქუთაისში მისი შენახვა.
„ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ბუნებრიობას, თუმცა, ამასთანავე, ქუთაისელებს ვპირდებით, რომ ჩვენ შევავსებთ იმ შესაძლო ეკონომიკურ დანაკარგს, რაც შეიძლება პარლამენტის აქ არსებობით არის გამოწვეული,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრება. საკანონმდებლო ორგანო თბილისში იანვრიდან გადავა.
ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შსს-ს პოლიციის აკადემია განთავსდება.
"ქართული ოცნება" 2012 წლიდან აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას იმის გამო, რომ პარლამენტი ნაწილობრივ ქუთაისში ფუნქციონირებდა. ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ კი კონსტიტუციიდან ამოიღეს ჩანაწერი, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი.