03 ოქტომბერი 2024,   06:47
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ნეპოტიზმის წინააღმდეგ

საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების ინიციატივით გამოდის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო."

არასმთავრობო ორგანიზაციამ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების კანონპროექტი მოამზადა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ბევრი ადამიანი, რომელმაც გაიარა კონკურსი და მიიღო მაღალი ქულა, არ დასაქმდა.

„ეს არის კორუფციის კონკრეტული ფორმა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი პარლამენტი მიიღებს ამ ნორმას, ამ შემთხვევაში ეს იქნება მკაფიო გზავნილი,” - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, თუკი ადამიანები იფიქრებენ, რომ სამსახურის შოვნა მხოლოდ ნაცნობობით არის შესაძლებელი, ეს არ არის კარგი ქვეყნის და საჯარო სექტორის განვითარებისთვის.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა ლიკა საჯაიამ. მისი თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ბრძოლის გამოცხადება პოლიტიკურ პატრონაჟთან.

როგორც საჯაია აცხადებს, კომიტეტი ვალდებულია 20 დღეში განიხილოს საკანონმდებლო წინადადება.

„თუ კომიტეტმა არ მოიწონა ჩვენი საკანონმდებლო წინადადება, რეგლამენტის თანახმად, მისი განხილვა ვერ მოხერხდება პლენარულ სხდომაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომელიმე დეპუტატმა დაარეგისტრიროს დოკუმენტი,” - განაცხადა ლიკა საჯაიამ.

ინიციატივის მიხედვით, კოდექსს 332-ე პრიმა მუხლი უნდა დაემატოს, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამსახურში მიღებისას კონკრეტული პირი დაარღვევს კონკურსის წესებს, მისი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები