პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმპიჩმენტის კანონის შესაძლო გაუქმებას უარყოფით შეფასებას აძლევს. მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, იმპიჩმენტი სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური ინსტრუმენტია და სწორედ ამიტომ, მიზანშეუწონელია აღნიშნული კანონის გაუქმება და იმპიჩმენტის უფლებამოსილების პარლამენტისთვის გადაცემა.
„აქამდე იმპიჩმენტის საკითხები რეგულირდებოდა საქართველოს კონსტიტუციით და სპეციალური კანონით იმპიჩმენტის შესახებ. ახლა მოხდება ისე, რომ სპეციალური კანონი იმპიჩმენტის შესახებ გაუქმდება და საკითხები, რომლებსაც სპეციალური კანონი არეგულირებდა, გადავა პარლამენტის რეგლამენტში. ჩვენ არ მიგვაჩნია ამგვარი ცვლილება მიზანშეწონილად, იმიტომ რომ იმპიჩმენტი, თავისი ბუნებით არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ასევე პოლიტიკური ინსტრუმენტი. ის შეიძლება შეეხოს უმაღლესი თანამდებობის პირებს. არის საკმაოდ სენსიტიური საკითხების მომწესრიგებელი თემა და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი იყო, რომ ეს საკითხები ყოფილიყო დარეგულირებული კვლავ სპეციალური კანონით," - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, იმპიჩმენტის განხორციელებას სჭირდება როგორც პარლამენტის მონაწილეობა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართულობა.
"იმის გათვალისწინებითაც, რომ იმპიჩმენტის განხორციელებას სჭირდება არა მხოლოდ პარლამენტის მონაწილეობა, არამედ ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართულობა და მხოლოდ ერთი ინსტიტუტის მონაწილეობას არ ითვალისწინებს მისი განხორციელება. აქედან გამომდინარე, ეს საკითხები უნდა ყოფილიყო მოწესრიგებული სპეციალური კანონით და არა პარლამენტის რეგლამენტით,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.