საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ვოლსკი „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, საიდანაც ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში, რომელშიც სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ მოიაზრება, თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი უნდა გადარიცხულიყო.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, მმართველი პარტია შემოწირულობის ნაკლებობას არ განიცდიდა და დღეს გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერები „თაღლითობაა.“
„შემოწირულობა არასდროს აკლდა „ქართულ ოცნებას.“ ბიზნესმენები საკმაოდ სოლიდურ თანხასაც სწირავდნენ და მგონი, აქ იმის აუცილებლობა, რომ ვიღაცას დაეწყო ეს კრიმინალური შინაარსის საუბარი „ომეგა ჯგუფთან,“ რეალურად, არც ამის საფუძველი არსებობს და ვფიქრობ, თაღლითობაა, რა მუხლითაც აღიძრა ეს საქმე არის ზედმიწევნით სწორი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„კურიერმა“ დღეს კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.
აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.