19 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
„ოცნების“ დასაქმების პოლიტიკა - 2012 წლიდან საჯარო სამსახურებში წამყვან თანამდებობებს მმართველი პარტიის აქტივისტები იკავებენ

ქართული ოცნების დასაქმების პოლიტიკა - 2012 წლიდან დღემდე საჯარო სამსახურებში წამყვან თანამდებობებს, ძირითადად, მმართველი პარტიის აქტივისტები და მათი ახლობლები იკავებენ.

ამ თემაზე კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ჩაატარა და დაადგინა, რომ 6 500 თანამშრომლიდან კონკურსის წესით მხოლოდ 4 პროცენტი დასაქმდა.

კვლევის ავტორების თქმით, საჯარო სამსახურებში დასაქმება, რიგ შემთხვევაში, პოლიტიკური ნიშნით ხდება, რაც მმართველ გუნდს აძლევს შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს საარჩევნოდ.

TI-ის პროგრამის მენეჯერი, ერეკლე ურუშაძე, აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეების დანიშვნის შესახებ შეცვლილი კანონმდებლობა კვლავაც შეიცავს ხარვეზებს, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ კონკურსის გარეშე მოხდეს დასაქმება.

„რეალურად, პრაქტიკაში კვლავაც გვაქვს გარკვეული პრობლემები. ერთი, რომ საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებლობა არ არის კვლავაც სრულყოფილად უზრუნველყოფილი და ადგილის აქვს, ისევ და ისევ, მთავრობის და მმართველი პარტიის გაუმართლებელ და უკანონო ჩარევას მათ საქმიანობაში, მაგალითად, არჩევნების შემთხვევაში ხდება საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, რათა ისინი ჩაერთონ მმართველი პარტიის ან მისი კანდიდატების საარჩევნო კამპანიაში.

"რაც შეეხება დასაქმებას, აქ მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონმდებლობა ამოქმედდა, არის კვლავაც ხარვეზები კანონმდებლობაში, კერძოდ, არსებობს გამონაკლისები კონკურსის წესით საჯარო მოსამსახურეების დასაქმების პროცედურიდან და საჯარო დაწესებულებებს კვლავაც აქვს საშუალება, რომ კონკურსის გარეშე აიყვანონ თანამშრომლები, რაც, რა თქმა უნდა, შეიცავს ნეპოტიზმის თუ კორუფციის რისკს,“ - განაცხადა ერეკლე ურუშაძემ. 

დღის ამბები