კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდას აპროტესტებს.
უწყებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის.
კერძოდ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის წინააღდეგ მომზადებულმა საარჩევნო ვიდეორგოლებმა გააღიზიანა, რადგან განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო რეკლამა მიმართულია მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ანტირეკლამაზე და მისი არჩევის ხელშეშლას ემსახურება.
კომისია ასევე მიუთითებს, რომ საერთო ეროვნული მაუწყებლის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის სავალდებულო ლიმიტის მნიშვნელოვნად გაზრდამ შესაძლოა, გამოიწვიოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის მოთხოვნის შემცირება, რაც უარყოფითად აისახება შედარებით მცირე ბაზრის წილის მქონე მაუწყებლებზე, განსაკუთრებით კი რეგიონალური მაუწყებლების ფინანსურ შემოსავლებზე.