ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება, საიდანაც ირკვევა, რომ 2012 წლიდან დღემდე საჯარო სამსახურებში წამყვან თანამდებობებს ძირითადად მმართველი პარტიის აქტივისტები და მათი ახლობლები იკავებენ.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის შესახებ ოპოზიციას არაერთხელ უსაუბრია.
„წლების განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ასევე, არასამთავრობო სექტორი თავის ანგარიშებში აღნიშნავდა, რომ მთავარი პრობლემა ქვეყანაში, საჯარო სამსახურში, არის სწორედ ნეპოტიზმი, ნათესაური პრინციპით ადამიანების დანიშვნა, პარტიული ნიშნით ადამიანების დაწინაურება,“ - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ლევან ბეჟაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ხედავს.
„გამოსავალი ამ სიტუაციიდან, ამ ვითარებიდან არის სწორედ 28 ოქტომბრის არჩევნები, როდესაც უნდა დავიწყოთ ამ ხელისუფლების დემონტაჟი და მივცეთ პროფესიონალ ადამიანებს დაწინაურების საშუალება,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ საჯარო სამსახურში 6 500 თანამშრომლიდან კონკურსის წესით მხოლოდ 4 პროცენტი დასაქმდა.
კვლევის ავტორების თქმით, საჯარო სამსახურებში დასაქმება, რიგ შემთხვევაში, პოლიტიკური ნიშნით ხდება, რაც მმართველ გუნდს აძლევს შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს საარჩევნოდ.