პარლამენტის განათლების კომიტეტში ავტორიზაციის ვადის გადავადებასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილისა და ოპოზიციის შეფასებით, კანონში შესატანი ცვლილებები უნივერსიტეტებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს და განათლების ხარისხს აზიანებს.
„ეს კანონი, რომლითაც ავტორიზაციამ 2020 წლამდე უნდა გადაიწიოს, არის პროტექციონისტული და უთანასწორო ვითარებაში აყენებს სხვადასხვა უნივერსიტეტს,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.
ინიციატივას მხარი თავად კანონპროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა არ დაუჭირა. გია ჟორჟოლიანის განცხადებით, მან არ იცოდა კანონპროექტის შინაარსი, როცა ხელს აწერდა, ახლა კი კრიტიკულად აფასებს და არ ეთანხმება.
„პრინციპულად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ მივიღოთ ეს კანონი, რომელიც უნივერსიტეტებს არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს. დისკრიმინაციული იქნება მათ მიმართ, ვინც ავტორიზაცია ვერ გაიარა და ამავე დროს დისკრიმინაციული იქნება იმათ მიმართაც, ვინც ავტორიზაცია გაიარა,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
განათლების კომიტეტი თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, კი აპირებს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრს, სალომე სამადაშვილს, სესიაზე გაკეთებული განცხადების გამო, უჩივლოს.
„მთავარი ბრალდება, რომელიც ეხებოდა ჩემი ოჯახის მფლობელობაში მყოფ უნივერსიტეტებს, არის ცილისწამება, რომელზეც მე რეაგირებას ვაპირებ. რეაგირების ფორმა ჩემს გუნდთან ერთად იქნება გადაწყვეტილი. კონკრეტულად, სალომე სამადაშვილის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტის პლენარული სესიის მიმდინარეობის დროს ამ ცილისწამებას ღიად აცხადებდა,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.