ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე მივიდა.
ბურჭულაძე ზაზა სარალიძის გვერდით კიბეებზე ჩამოჯდა და შვილმოკლულ მამებს თანადგომა საჯაროდ გამოუცხადა.
"აქ არის დაუმთავრებელი პანაშვიდი მოკლული ახალგაზრდების" - განაცხადა მსოფლიო ბანმა.
ბურჭულაძე საზოგადოებას მოუწოდებს, გამონახონ დრო და თუნდაც ერთი საათით მივიდნენ რუსთაველზე, რათა მოკლული შვილების მშობლებს სამძიმარი გამოუცხადონ.
შეკითხვაზე უერთდება თუ არა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მთავარ მოთხოვნას- გადადგეს მთავრობა, ბურჭულაძე ამბობს, რომ არათუ უერთდება ამ მოთხოვნას, თავადაც იმავეს მოითხოვს.
„ახლა რა, მოვუმატე რამე, შვილები გავუცოცხლე? უბრალოდ, მოვედი, რომ იგრძნონ, რომ არის ვიღაც მათ გვერდში, საჭიროა ხალხო. სანამ თქვენს ოჯახებში მოვა, საჭიროა, მიხედეთ ამ ხალხს. მე სანამ თბილისში ვარ აქ ყოველდღე შემოვივლი და ვიქნები მათთან ერთად... ეს მავნებლები უნდა წავიდნენ საერთოდ, ეს არის პირობა, რომელიც სხვა გზა არ არის,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.
დაახლოებით ერთი საათის წინ რუსთაველის გამზირზე ინციდენტი მოხდა.
ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ გასაშლელად კარვები მიჰქონდა, თუმცა ის სამართალდამცველებმა გააჩერეს და კარვები ჩამოართვეს. ინციდენტს სარალიძესა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც სარალიძე შეუძლოდ გახდა.