პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მისვლას ითხოვს.
პრეზიდენტობის კანდიდატი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მივიდა და წარადგინა დოკუმენტაცია, სადაც ჩანს, როგორ ცდილობდა „ომეგა ჯგუფი“ დავალიანების გრაფიკით გასტუმრებას.
„ომეგა ჯგუფის“ გარშემო არსებულ პრობლემებზე კახა კუკავა უშუალოდ მინისტრ ვანო მაჭავარიანისგან ითხოვს განმარტებებს.
„100 მილიონი თუ ჩამოეწერა „ყაზტრანსგაზს“ რატომ არ შეიძლება 20 მილიონი თუ რამდენი მილიონიც აქვს „ომეგა ჯგუფს“ ეს დავალიანება იქნას გაწერილი?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი იმ კუთხით, რომ ტელევიზია არ გაჩერდეს და იმ კუთხითაც რომ 1500 ადამიანი არ დარჩეს უმუშევარი.
მობრძანდეს და ამ შეკითხვებს გასცეს პასუხი. უჩას (მამაცაშვილს) ხომ არ შევეკითხებით ამასაც?“-ამბობს კახა კუკავა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კუკავას უპასუხა, რომ უჩა (მამაცაშვილი) არაფერ შუაშია, რაც შეეხება მინისტრს ის პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროების შემთხვევაში მივა.