საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი პრობლემურს უწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც შეკრების და მანიფესტაციის უფლება რამდენიმე უწყების თანამშრომლებს აღარ ექნებათ.
შეკრების და მანიფესტაციის უფლება ეზღუდება, მაგალითად, თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირებსა და იმ უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საზოგადოებრივ და სახელმწიფო უსაფრთხოებაზე.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეზღუდვები წესდება პირთა ფართო წრეზე და მათთვის ამ უფლების შეზღუდვა არის დაუსაბუთებელი.
„მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებში მკაფიოდ არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული ვინ არის პასუხისმგებელი მართლწესრიგზე, უსაფრთხოებაზე და ვინ არის მხოლოდ სამოქალაქო ფუნქციის მატარებელი თანამშრომელი თვითონ ამ უწყებების შიგნით. სანამ ეს ცვლილებები უწყებების შიგნით არ განხორციელდება და მკაფიოდ არ გაიმიჯნება ეს ორი კატეგორია, თავისთავად ცხადია, უკეთესი მოწესრიგება კანონში იქნება ძალიან რთული. კანონს ხელი ეწერება, მაგრამ ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ეს მოცემულობა არის პრობლემური და აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენი კანონმდებლობა იყოს სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.