ერთ საათზე მეტია საქალაქო სასამართლო გუშინ, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებული პირების შესახებ მსჯელობს.
დაკავებულების მხარდასაჭერად, სასამართლოში იმყოფება ზაზა სარალიძეც. საპატრულო პოლიციამ პროცესზე სამხრე კამერების ჩანაწერები წარმოადგინა, თუმცა დაცვის მხარე ამბობს, რომ ეს ვიდო ფაილები ვერ ამტკიცებს ჩადენილ დანაშაულს.
დაკავებული გიორგი ფანჯავიძის მეუღლე, მარიკა ფანჯავიძე აღნიშნავს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მის მეუღლეს კანონი არ დაურღვევია და მის დაკავებას პოლიტიკას უკავშირებს.
ის აცხადებს, რომ მისი მეუღლე პოლიტპატიმარია, რადგან მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე დაემუქრა მას შემდეგ, რაც გიორგი ფანჯავიძემ თალაკვაძის პრემია-დანამატების შესახებ დაწერა სოციალურ ქსელში.
„მან მოწერა მესიჯი, მოვა დრო და წაიტეხავ ცხვირს, ასეთი უსინდისობით. ეს მუქარა მოიყვანა სისრულეში, ეს არის მისი გვერდი, ამას შესაძლოა ჩავუტაროთ ექსპერტიზა, რომ არის რეალურად მისი ვებ გვერდი. ჩემი მეუღლე ზოგადად დაინტერესებული იყო ყველა კორუმპირებული ჩინოვნიკით და იყო ოპოზიციაში ამ კრიმინალურ რეჟიმთან და სწორედ ამიტომ ვაცხადებ, რომ არის პოლიტიკური პატიმარი,“ - განაცხადა მარიკა ფანჯავიძემ.
დაკავებული ადვოკატი კი აცხადებს, რომ გიორგი ფანჯავიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი პატიმრობაში დატოვება დაუშვებელია.
„ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს სამედიცინო ცნობები, რომელიც ასახავს ფანჯავიძის მდგომარეობას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს მის პატიმრობაში დატოვების საკითხს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არ აქვს პოლიციას შესწავლილი და შესაბამისად, ეს პერიოდი, რომელიც მან გაატარა წინასწარი მოთავსების იზოლატორში, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აისახება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე,“ - განაცხადა ადვოკატმა, ლევან დავითაიამ.