22 დეკემბერი 2024,   16:47
ვრცლად
ოპოზიცია „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების პროტესტს უერთდება და ფინანსთა სამინისტროსთან აქციაზე მისვლას აანონსებენ

ოპოზიციური პარტიები „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების პროტესტს უერთდებიან და სამშაბათს ფინანსთა სამინისტროსთან მათ მხარდასაჭერად აქციაზე მივლენ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ პოლიტიკურმა პარტიებმა „იბერიის“ დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე მიიღეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით "კურიერის" ეთერში გასულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დროული და ობიექტური გამოძიება უნდა მოხდეს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის ”საქართველო ლიდერთა შორის” დამფუძნებელი, მამუკა გამყრელიძე განმარტავს, რომ აქციაზე მისვლა იქნება გზავნილი ხელისუფლების მისამართით, რომ ამ პრობლემას ყურადღება მიაქციონ.

„პრობლემა არის სამი მიმართულების, ერთი არის, ზეწოლა მედიაზე, მეორე, ზეწოლა ბიზნესზე, ბიზნესიდან აღებული ფულით კი ზეწოლა პოლიტიკურ სივრცეზე და პოლიტიკურ პროცესებზე, ამიტომ, ეს არ არის მარტივი სიტუაცია, ეს არის სისტემური, ძალიან მძიმე პრობლემა, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება გადაწყვეტა და დასჯა იმ ადამიანების, რომლებიც ამაში ასე ხელებს აფათურებენ,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ხელისუფლების ხისტ მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას პოლიტიკური გაერთიანების „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი. მისი თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი, ეს არის დიდი კორუფციული სქემის ნაწილი, რომ ვინც კი არ მიიღო მონაწილეობა ამ საერთო შავი ყულაბის შექმნაში, ისინი მკაცრად ისჯებიან და ამით ხელისუფლება აჩვენებს სხვა ბიზნესებს, თუ როგორი მორჩილები უნდა იყვნენ,“ - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

დღის ამბები