„მივესალმები თბილისს, ქალაქს, რომელიც არ შეიძლება, რ გიყვარდეს, თუ ქართველი ხარ, თუ საქართველოს მოქალაქე ხარ. ეს ქალაქი ჩვენი ქვეყნის გულია, რომელსაც ბევრი მიკროინფარქტი აქვს გადატანილი და უნდა გავუფრთხილდეთ,“ - ასე მიესალმა გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, დედაქალაქის მცხოვრებლებს.
მან პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„ძალა ერთობაშია! - ეს მარტო გერბი არ არის, ეს ჩვენი ცხოვრების ლოზუნგი უნდა გახდეს... ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ სულელ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ არ გავაყალბებინოთ ჩვენი ხალხის არჩევანი. ვიცი, რომ თბილისელები ამ ბრძოლის ლოკომოტივი იქნებიან. ვიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენთვის არსებითია ტრადიციები, ეროვნული იდეალები და ის კულტურული პრინციპები, რომელზეც ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის მრავალათასიანი ისტორია არის დაფუძნებული. გაერთიანებული ოპოზიცია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკაცობრიო და ქართულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური და ინტელექტუალური ცხოვრება ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, 28 ოქტომბერს ქართველი ერის წინაშე ღირსების საკითხი დადგება.
„ჩვენი საარჩევნო ხმით უნდა დავიცვათ ღირსება და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შეიძლება იყოს უკანასკნელი რეალური შანსი, რომ ჩვენ საარჩევნო ურნებთან ჩვენი ქვეყნის ბედი გადავწყვიტოთ. ამ დღეს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი შეკითხვებს - გვინდა სახელმწიფო, რომელსაც მართავს ხალხი, თუ გვინდა სახელმწიფო, რომელიც ოლიგარქის საკუთრებაა? ვიქეცით ხალხად, რომელსაც მტერი კანაფის დედოფალს დაუნიშნავს პრეზიდენტად?" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, საზოგადოების დავალებაა, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა დასრულდეს.
„ეს დავალება არის საქართველოს გათავისუფლება ოლიგარქის და ე.წ. ქართული ოცნების დამანგრეველი ხელისუფლებისგან,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატის აზრით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უფლება უნდა ჰქონდეს, იცხოვროს საქართველოში.
"პროფესიონალები უნდა დაბრუნდნენ სახელმწიფო სამსახურში, პოლიტპატიმრები გამოვიდნენ ციხეებიდან და საქართველოს მესამე პრეზიდენტს უფლება უნდა ჰქონდეს, თავის სამშობლოში იცხოვროს, რომელიც მან თანამედროვე სახელმწიფოდ გადააქცია,“- აღნიშნა ვაშაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის საკითხს ყველა უმაღლესი დონის საერთაშორისო დიპლომატიის დღის წესრიგში დააყენებს.