19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
„მე და ბატონი სარალიძე უკვე რვა თვეა, ქუჩაში ვართ და სამართალს ვერ ვპოულობთ" - თემირლან მაჩალიკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის შეკრებაზე მივიდა

შვილმოკლული მამები - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის შეკრებაზე მივიდნენ. მათ მამებს დარბაზი ტაშით და ოვაციით შეხვდა.

შვილმოკლულმა მამებმა დარბაზს სიტყვით მიმართეს. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობენ, რომ უკვე 8 თვეზე მეტია, სისტემის წინააღმდეგ საკუთარი შვილების მკვლელების დასჯის მოთხოვნით იბრძვიან, თუმცა ხელისუფლებას მათი არ ესმის.

„მე და ბატონი სარალიძე უკვე რვა თვეა, ქუჩაში ვართ და სამართალს ვერ ვპოულობთ ამ ხელისუფლების ხელში. ქუჩაში ვართ მშივრები, მწყურვალები, ეს არაფერია, ჩვენ ყველაფერს ავიტანთ. რა დროც იქნება საჭირო, იმდენი ხანი გავუძლებთ, არაფერი შეგვაშინებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ სისხლიანმა რეჟიმმა აგოს პასუხი ყველა იმ დანაშაულზე, რაც არის ჩადენილი ჩემს მიმართ, პანკისის ხეობის და ქისტი დების და ძმების წინააღმდეგ, მუხანათურად, ღალატურად. ვითომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა მოიტანა ქისტებში სისხლი და სიკვდილი. ჩვენ ამას არასდროს არავის ვაპატიებთ, ყველამ სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი. თემირლანთან ერთად ამ ხელისუფლებამ ჩაკლა ქისტობა, გაანადგურა ქისტი მოსახლეობა. მე ვფიქრობდი, ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდებოდა ქართული სულის, გულის და მეტყოდა რამეს, თუნდაც დამაწყნარებელს. არადა ესენი პირიქით, ხაინდრავასნაირებს, ლუკმას აძლევენ და ალაპარაკებენ ჩემზეც და თემირლანზე," - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილმა. 

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით, მას საზოგადოების იმედი აქვს, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშაავები დაისაჯონ. 

"თემირლანი ტერორისტი არ ყოფილა. მე ტერორისტი შვილი არ გამიზრდია. დიდი სიყვარულით, სიმწრით გავზარდე თემირლანი 19 წელი, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურმა ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა და ამომძირკვა დედაბუდიანად. მე და ბატონმა ზაზა სარალიძემ ერთად დავიწყეთ ბრძოლა. ყველამ ვიცით, რა დღეშია ბატონი სარალიძე. მისი შვილი არის მოკლული, მაგრამ მკვლელი არსად ჩანს. აქ ჯაჭვია. თუ დაადგინეს მკვლელი, ამ სასტიკ დანაშაულს ბევრი ადამიანი ჩაჰყვება. მე ქართველი ხალხის დიდი იმედი მაქვს, ღრმად ვარ დარწმუნებული, დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც ამოისვარა სისხლში ხელები. მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. მე ასეთი ხელისუფლება არ მინდა. ძალა ერთობაშია, ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით სახელმწიფოს, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მომავლის საპატივცემულოდ. საქართველო იქნება ღირსეული ქვეყანა,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები