საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია, "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება, სადაც ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
ქანთარია განვითარებულ პროცესებს "რუსთავი2"-ის მიერ გადაღებულ სერიალს უწოდებს.
"როგორც ველოდებოდით, სერიალში, რომელსაც „რუსთავი2“ წარმოგვიდგენს, გამოჩნდა სამართლიანობისათვის მებრძოლი, ტანჯული, ხალხზე მზრუნველი გმირი და გარკვეულად შეიკრა წრე, სულთამხუთავ ბოროტმოქმედთან მებრძოლთა წრე, ეს არის სააკაშვილი, ოქუაშვილი, რუსთავი2, ნაციონალური მოძრაობა და მე ვთავაზობ სცენარისტებს უფასოდ, რომ ამის შემდეგ ნავიჩოკით ან გაურკვევლი ნივთიერებით მოიწამლოს ზაზა ოქუაშვილი ლონდონში, მოთავსებული იყოს საავადმყოფოში კომაში და 27 ოქტომბერს აღდგეს და გვამცვნონ, რომ მოდის და უერთდება გრიგოლ ვაშაძეს გაყალბების წინააღმდეგ. ეს არის მთელი ამისი ავან-ჩავანი,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ზაზა ოქუაშვილი სკანდალურ ინტერვიუში ჰყვება რომ ბიძინა ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის, ირაკლი ფარცხალაძისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ არა ერთი მტკიცებულება არსებობს. მათ შორის არის ფოტო და აუდიო მასალები.
ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ "ქართულმა ოცნებამ ”სამართლიანობის აღდგენის” ნაცვლად ბიზნეს სფეროზე რეკეტი გააძლიერა, რაშიც ივანიშვილი ყოფილ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს აქტიურად იყენებს.
ოქუაშვილი ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ მან სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მთავარ პროკურატურას მიმართა, თუმცა მისი საქმიანობის სუსტი მხარეები მაშინდელმა ბიზნესომბუდსმენმა და ყოფილმა პროკურორმა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გამოიყენეს.
ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ოლიგარქი ფარცხალაძისა დაა გახარიას დახმარებით მას ბიზნესის შენარჩუნების ხარჯზე ე.წ. ”ატკატებს” ითხოვდა.