„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით, გავრცელებული სკანდალური ჩანაწერების ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს „ქართული ოცნება“.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ ეს არის ხელოვნურად დაწერილი პოლიტიკური სცენარი, რომლის უკანაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.
„ვერც მე და ვერც საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ მიიღებს უკრიტიკოს ასეთი ტიპის ჩანაწერებს, ამიტომ საჭირო არის ჯერ მის ნამდვილობაში და სანდოობაში დარწმუნება. ამ სერიალების ჩვენებას უმჯობესია, რომ გამოძიებას მიეწოდოს ეს მასალა.
გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, ჩანაწერებით ომი ეს ნაცნობი ხელწერაა „ნაციონალური მოძრაობის“. მე მგონია, რომ ეს არის ძალიან ხელოვნური, დაწერილი პოლიტიკური სცენარი,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
გავრცელებული ჩანაწერების გათვალისწინებით სახელმწიფოს მხრიდან ბიზნეს განხორციელებულ რეკეტზე საუბრობს ოპოზიცია და გამოძიებას ითხოვს.
„ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება, არის მაფიოზური კლანი. თავის მართლებას სჯობია ნორმალურ ქვეყანაში როგორც მოხდებოდა, ჩატარდეს გამოძიება და საზოგადოებას მიეცეს ინფორმაცია თუ რა ჩანაწერებთან გვაქვს საქმე,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
„გავლენით ვაჭრობა ჰქვია, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ ჩანაწერებში. ამ და ბევრ სხვა უტიფრობას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, ქართველი ამომრჩეველი სასჯელით უპასუხებს. ის დასჯის „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე.“-აცხადებს გიგი უგულავა.