შრომის უსაფრთხოების რეგულაციები ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება. თუ აქამდე დამტკიცებული პროექტი მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან საწარმოებზე ვრცელდებოდა, ახალი რეგულაციები ახლა თითქმის ყველა საწარმოში ამოქმედდება.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანონპროექტი საერთაშორისო სტანდარტებს არის მიახლოებული, მათ შორის ის წესი, რომლის მიხედვითაც უპირობოდ არის შესაძლებელი ინსპექტორის დაშვება ტერიტორიაზე.
„ახლად დაინიცირებული კანონით სრულიად მოიცავს ყველა სფეროს, ყველა საწარმოში, ყველა ტიპის ორგანიზაციაში იქნება მისი შემოწმება. მეორე ასეთ ფუნდამენტური ცვლილება რაც ხდება, ეს არის შრომის ინსპექტორების უპირობო დაშვება საწარმოებში,“-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ოპოზიცია კანონის მიღების პარალელურად, რეგულაციების დაცვისთვის პოლიტიკური ნების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს.
„აქ მნიშვნელოვანი მაინც არის პოლიტიკური ნება, რომელიც ხელისუფლებას არ გააჩნია. ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ, ათობით მკვდარი კანონი მიიღო. დღეს ქვეყანაში უკვე არსებობს შრომის კანონმდებლობა და ვინ იცავს ამ კანონმდებლობას? ხელისუფლება დღეს არსებულ შრომის კანონმდებლობას რატომ არ აკონტროლებს,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე.