"ჩანაწერებზე, მათ ავთენტურობაზე, მათ სინამდვილეზე ვერაფერს მოგახსენებთ. ამას სჭირდება ექსპერტიზა, გამოძიება, გამოკვლევა,“- ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ადა მარშანია გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ საქმეს უკავშირდება.
ოპოზიციის წარმომადგენლის შეფასებით, ბიზნესზე რეკეტი, რომელიც ჩანაწერებიდან იკვეთება, თუ რეალობას შეესაბამება, ხელისუფლებისთვის კატასტროფაა.
„თუ ეს მართლა ასეა, როგორც იმ ჩანაწერებში გვესმის, ეს ძალიან მძიმე პროცესია, ცხადია. ეს არის კატასტროფა ჩვენი ხელისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჯერჯერობით მისი განვითარების ამ ეტაპზე ბიზნესი მაინც ვერ იქნება თავისუფალი, ისეთი, როგორიც უნდა იყოს და როგორიც ჩვენ გვინდა, ეს ცალსახაა,“- განაცხადა ადა მარშანიამ.
„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, რომელშიც ყიფიანი და ასანიძე საუბრობენ. ის „კურიერმა“ მოიპოვა.