13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხება, კრიტიკული შეფასება მოყვა მმართველ გუნდში.
სამოქალაქო სექტორის შეფასებით, არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანა დემოკრატიული ინსტიტუტების სრულ კრიზისამდე მიიყვანა.
"ომეგა ჯგუფის" გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე, 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს ელიტური კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის გამოძიების რესურსი და რეაგირებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.
„ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ ხელისუფლება, როგორც ჩანს არ აპირებს გამოიძიოს ეს საქმე და გასცეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხები.
მესამე სექტორის მწვავე და კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორს დასკვნები ნაჩქარევად გამოაქვს და ის უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს.
„საუბარია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებსაც ამ ქვეყანაში აქვს დეკლარირებული, განსაკუთრებული პრეტენზია ობიექტურობაზე და ამ დროს ისინი აკეთებენ განცხადებას ცალმხრივად შეფუთულ რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, რომლებზეც დღეს ერთ-ერთ ბანკი აცხადებს, რომ შეუძლებელია ასე ყოფილიყო, ექსპერტიზა აცხადებს, რომ მონტაჟია და ყალბია. თუ ისინი არ დაელოდებიან გამოძიების შედეგებს, დეტალურ ინფორმაციებს რა ხდებოდა სინამდვილეში, საზოგადოება ძალიან დაბნეულა ამასთან დაკავშირებით და არასამთავრობო ორგანიზაციის ზოგიერთი წარმომადგენელი აღმოჩნდება ძალიან უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში. ისინი ნებსით თუ უნებლიეთ, ამ განცხადებით, შეიძლება აღმოჩნდნენ ერთ-ერთი პარტიული ძალის სპექტაკლის ნაწილი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.