საქართველოს პრემიერი ბოლო დღეებში გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება. იგი აცხადებს, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებზე გაჩენილ კითხვებს, პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, არასწორია "ომეგა ჯგუფის" ბიზნესსაქმიანობის მედიის თავისფულებასთან გაიგივება.
„მიმდინარეობს გამოძიება. იმ ადამიანებს, ვინც ფიგურირებენ ამ ჩანაწერებში, აქვთ უფლება, საგამოძიებო ორგანოებს, ისევე როგორც საზოგადოებას, მიაწოდონ სრული ინფორმაცია. იმისთვის, რომ ყველა კიდევ ერთხელ კარგად დარწმუნდეს თუ რასთან გვაქვს საქმე. ასევე მე გავაკეთე კომენტარი უკიდურესად უპასუხისმგებლო ქცევაზე, რომელიც უკავშირდება იმ საკითხს, რომ ცდილობენ დაუკავშირონ თავისუფალი მედიის ფუნქციონირება საგადასახადო საკითხებს. არსებობს კომერციული საქმიანობა, არსებობს ბიზნესი,“-აცხადებს პრემიერი.
პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ბიზნესის ხელშესაწყობად და ეს მიდგომა "ომეგა ჯგუფთან" მიმართებაშიც დაცულია, თუმცა მამუკა ბახტაძე იმასაც აღნიშნავს, რომ კომპანიას საკმაოდ სოლიდური ვალი აქვს, რომელიც უნდა გადაიხადონ.
"ჩვენი მთავრობის მიდგომა გახლავთ ყოველთვის და იქნება მუდამ ძალიან მეგობრული ყველა იმ მეწარმის მიმართ, რომელიც თუნდაც 1 სამუშაო ადგილს ქმნის. როცა საქმე შეეხებოდა საგადასახადო დავალიანებას შემოსავლების სამსახური ამ პრინციპით მოქმდებდა, რომ კომპანიას არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროში მოღვაწეობს, თუ მას აქვს პრობლემები გადასახადებში, უნდა შევუნარჩუნოთ სამუშაო პირობები,"-ამბობს ბახტაძე.