საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ირაკლი კობახიძე „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ზურაბიშვილის საარჩევნო დაფინანსებას ეხებოდა.
კობახიძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა შიდა კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ ზურაბიშვილს აქვს დიდი მხარდაჭერა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი მისი თქმით, შესაძლოა მეორე ტურშიც კი ვერ გავიდეს.
„სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, რაც არავისთვის არ არის სიურპრიზი. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს. ეს არის შიდა კვლევები. ჩვენ არასდროს გვიკადრებია საზოგადოებისთვის ჩვენი შიდა კვლევების გარეთ გამოტანა, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ. „ედისონ რისერჩის“ მეშვეობით,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.