„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი Edison Research-ის კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმადაც არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
შალვა ნათელაშვილი Edison Research-ის კვლევას არ ენდობა. ნათელაშვილის თქმით, მმართველი პარტია და "ნაციონალური მოძრაობა" ყალბი ეგზიტპოლების გამოცხადებისთვის ემზადება.
„Edison Research დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და ეს კაი ხანია, გრძელდება. მე იძულებული ვხდები მივმართო მის კლიენტებს, აშშ-ის კონგრესს, სენატს, CNN-ს, Fox News, Samsung-ს და ყველა იმ კომპანიას, რომლებიც უკვეთავენ ამ სამარცხვინო კომპანიას რეიტინგებს, იცოდნენ რას აკეთებს ეს სტრუქტურა საქართველოში. ყალბ ეგზიტპოლებს ამზადებს ორივე ძალა, "ნაცმოძრაობაც" და "ოცნებაც". ერთი ამას გამოაცხადებს ალბათ „რუსთავი 2“-ით, მეორე გამოაცხადებს „იმედით“,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
Edison Research-ის ბოლო კვლევა და ხალხის განწყობა არჩევნების წინ. შეკითხვაზე ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას. პასუხები ასე ნაწილდება - გრიგოლ ვაშაძე 31, სალომე ზურაბიშვილი 16%, დავით ბაქრაძე 15%, შალვა ნათელაშვილი 7%, არ ვიცი 21%. გამოკითხვა 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბერის ჩათვლით მთელის საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 3000 ადამიანი გამოიკითხა.
საგულისხმოა, რომ წინა კვლევასთან შედარებით შემცირდა „ქართული ოცნების“ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, თუკი წინა კვლევაში მას 20%-იან მხარდაჭერა ჰქონდა, ახლა ციფრი 16%-ზეა ჩამოსული.
შემცირებულია დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა რიცხვიც - 22-დან 16 % -მდე.