რაც დრო გადის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებების სერიოზულად აღქმა ძნელი ხდება - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას მესამე სექტორის მიმართ.
გიგაურის თქმით, მათთვის ნათელია, რომ ხელისუფლებას მესამე სექტორის გაჩუმება სურს, თუმცა გიგაური ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ იმ პრობლემებზე საუბარი შეწყვიტონ, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
გიგაური ამბობს, რომ მსგავსი დამოკიდებულება და ზეწოლა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საზოგადოებაში მესამე სექტორის საქმიანობისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.
„ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის რომ, შესაძლებელია მას სურვილი აქვს წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი დისკრედიტაცია მოახდინოს იმისთვის, რომ ჩვენი კვლევები და ანგარიშები არ იყოს სანდო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ პირიქით საზოგადოება უფრო დაინტერესდება ჩვენი კვლევებითა და ანგარიშებით.
ჩვენთვის ახალი არ არის, რომ პოლიტიკოსები თავს გვესხმიან, მაინც ვისაუბრებთ პრობლემებზე,რომელიც გვაქვს, შესაბამისად ჩვენ ეს არ გაგვაჩერებს. ვურჩევ, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ თავის დრო და ენერგია წარმართოს იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს,“-აცხადებს გიგაური.
ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას კრიტიკას ბრიფინგი მოუძღვნა. მან "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ფაშისტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რადგან მესამე სექტორი გვარამიას განცხადებებზე არ რეაგირებს ეს ნიშნავს, რომ არასამთავრობო სექტორი ფაშიზმის თანამონაწილეა.
ნიკა გვარამიამ გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდა, საზოგადოებას კი მოუწოდა არ დააფინანსონ ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანია.