კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებია, ამ თემის წამოწევა კი მმართველი გუნდის რეიტინგზე უარყოფითად აისახება.
„თუ გაუვიდათ და არჩევნები გავაყალბებინეთ, რაც სრულიად დაუშვებელია, მაშინ შეეცდებიან ივანიშვილისთვის ქვეყანა გადააქციონ ერთ, მონოპოლისტურ პლანტაციად, რაც დაუშვებელია, იმიტომ, რომ საქართველო არ შეიძლება იყოს მასობრივი ნარკომწარმოებელი,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ნიკა რურუა.
საკითხის არჩევნებამდე გადაწევაზე საუბრობენ „ევროპულ საქართველოშიც“.
„ისინი ყოველთვის ერიდებიან ღია დისკუსიას და გადავადებით არიან ხოლმე დაკავებულები. ასეთი შემთხვევა არის ესეც. ისინი ცდილობენ, რომ არჩევნები გადააგორონ და შემდგომ შეაპარონ საქართველოს მოსახლეობას. ეს არის რთული საკითხი, რომელსაც დისკუსია სჭირდება,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე.
„ქართულ ოცნებაში“ კი კანონპროექტის განხილვის გადადებას არჩევნებს არ უკავშირებენ და აცხადებენ, რომ საკითხზე გადაწყვეტილება კონსენსუსით უნდა იყოს მიღებული. მმართველ გუნდში ფართო კონსულტაციებს აანონსებენ.
“არჩევნები რომც არ იყოს ალბათ ჩვენ გვმართებს უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ საკითხი, ვინაიდან არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება შეძახილების ფონზე. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს რა წინადადებები იდო ამ პაკეტში, საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს ამ პაკეტის მოხსნის ან ამ თემაზე ბჭობის გაგრძელების წინაპირობების შესახებ,“-განაცხადა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.