"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაააქტიურებს - მსჯელობა ამ საკითხზე პარტიის ცენტრალურ ოფისში გუშინ შედგა.
"ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები განიხილავდნენ, თუ რა ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს სამომავლოდ იმისათვის, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა უფრო მასშტაბური იყოს. შეხვედრას საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატებიც ესწრებოდნენ.
"ვიმსჯელეთ და ვისაუბრეთ ბევრ მიმდინარე საკითხზე, მათ შორის თა თქმა უნდა არჩევნებზე. გვყავს ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი, რომელსაც პარტია,ჩვენი ყველა წევრი, გარდა ვერბალური მხარდაჭერისა, პრაქტიკაში უცხადებს სრულ მხარდაჭერას“- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია.
მმართველი პარტია არის მოწოდების სიმაღლეზე და კონსოლიდირებულია - ეს განცხადება შეხვედრის დასრულების შემდეგ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ვახტანგ შაქარაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ყველა გაერთიანდა, “ქართული ოცნება“ კი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს „ფაშიზმი“ დაამარცხოს.
„ყველა გაერთიანდა ერთი ყველაზე ღირსეული, ყველაზე ადეკვატური კანდიდატის წინააღმდეგ. დღეს ჩვენ არამხოლოდ პარტიას, საზოგადოებას გვჭირდება სრული კონსოლიდაცია იმ ბოროტებისა და პირდაპირ შეგვიძლია ვუწოდოთ, იმ ფაშიზმის წინააღმდეგ რაც ერთი კონკრეტული კანდიდატისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ხორციელდება“-აცხადებს შაქარაშვილი.