პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს სოლიდარობას უცხადებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე თავდასხმა დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს აზიანებს.
ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ მესამე სექტორის წარმომადგენლებზე თავდასხმა განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა მოხდეს.
ნაცვლიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უსაფრთხო პირობებში უნდა შეძლონ მუშაობა.
„თუ ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტი სივრცე შევქმნათ იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს არასამთავრობო სექტორი და მათ შეძლონ ნორმალურ, უსაფრთხო პირობებში მუშაობა და არ იყვნენ მუდმივი თავდასხმის ობიექტები, მაშინ წინადადება, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, გახდება უშინაარსო. არავინ საქართველოს არ აღიქვამს დემოკრატიულ სახელმწიფოდ, თუ აქ არ იქნება ძლიერი, მრავალფეროვანი სამოქალაქო სექტორი,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.