19 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
კანაფის კულტივაცია და ექსპორტის აკრძალვა - გაერთიანებული ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს  

კანაფის კულტივაცია და ექსპორტის აკრძალვა - გაერთიანებული ოპოზიცია ამ მოთხოვნის ქვეყნის მთავარ დოკუმენტში დაფიქსირებას მოითხოვს. ისინი დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ოპოზიციის წევრებმა, სპეციალური ბლანკები პარლამენტიდან დღეს გაიტანეს, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი ხელმოწერებით უნდა დაადასტურონ, რომ სურთ მარიხუანას კულტივაცია კონსტიტუციით აიკრძალოს.

200 ათასი ხელმოწერის მოგროვების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიცია, პარლამენტს რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით მიმართავს. ოპოზიციის წევრების განცხადებით, მთავრობამ უარი უნდა თქვას კანონპროექტზე.

„ეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის შესაბამის მუხლში, რომელიც ჯანდაცვის საკითხებს არეგულირებს, ჩანაწერს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე იკრძალება მარიხუანის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების კულტივაცია, მოყვანა, ლიცენზირება, ექსპორტი და ა.შ. და ეს არ ეხება პირადი მოხმარების საკითხებს. ამ საკითხთან დაკავშირებით,  იცით, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია წინააღმდეგია მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებების გატარების სახელმწიფოს მხრიდან,“- განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

განცხადება გააკეთა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა, ზალიკო უდუმაშვილმა. მისი  თქმით, მოსახლეობის უმეტესობა კანაფის კულტივაციისა და ექსპორტის წინააღმდეგია.

„ჩვენ დღეიდან, ამ წუთიდან დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. ნამდვილად არ გვჭირდება 4 თვიანი ვადა ჩვენ ამისთვის. ძალიან მალე დავასრულებთ ხელმოწერების შეგროვებას და ვარწმუნებ ყველას, რომ ნამდვილად არ დაგვჭირდება ზედმეტი ძალისხმევა, რიგი დადგება მოსახლეობის, სწორედ იმიტომ რომ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, რადგან საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ჩვენს ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივას, წინასაარჩევნოდ გაჟღერებულ პოლიტიკურად პოპულისტურს უწოდებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი.

„როგორც ჩანს, არჩევნების წინ გარკვეული პოლიტიკური დივიდენტების მოხვეჭას ემსახურება იგი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს არის სრული აბსურდი, იქიდან გამომდინარე, რომ ითხოვენ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას იმ კონსტიტუციურ ნორმაზე, რომელიც ვიდრე 200 ათასი ხელმოწერა შეგროვდება, საერთოდ აღარ იარსებებს,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები