19 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს და კონკრეტულმა პირებმა პასუხი აგონ - მესამე სექტორი და ჟურნალისტები "რუსთავი 2" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ძალადობაში ბრალდებულებუ დააკავა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის - ეკა გაგუასა და ოპერატორ ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, 35 და 42 წლის პირები დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე მიმდინარეობს.

სამოქალაქო სექტორი ეფექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მედიასა და არასამთავრობო სექტორზე ღია ზეწოლა მიმდინარეობს. სალაძე არ გამორიცხავს, რომ ეს თავდასხმები პერმანენტულად გაგრძელდეს, თუ სათანადო რეაგირება არ მოჰყვება "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

„აუცილებელია, ამ საქმის დროული და ეფექტური გამოძიება. ძალიან კარგია, რომ შსს-მ გადადგა ნაბიჯები ამ ნაწილში, ვხედავთ, რომ დაწყებულია გამოძიება, მათ შორის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ნაწილში. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს და კონკრეტულმა პირებმა პასუხი აგონ," - აცხადებს სალაძე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, სტუდია ”მონიტორის” გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე იმედოვნებს, რომ "რუსთავი 2"-ზე თავდასხმისთვის ორი პირის დაკავება, იქნება ათეულობით მედიაზე ზეწოლის ფაქტის გამოძიების დასაწყისი.

"მახსოვს რამდენიმე ერთეული, შესაძლოა ათეული ფაქტი, როცა რეაგირება არ მოჰყვა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტს, ამიტომ მივესალმები ორი პირის დაკავებას. ვიმედოვნებ რომ საქმეები რომელიც არის თაროზე, იქნება გამოძიებული და ხელისუფლების რეაგირება იქნება კანონის შესაბამისი"-ამბობს მგელაძე.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები