სამოქალაქო სექტორი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მედიასა და არასამთავრობო სექტორზე ღია ზეწოლის გაგრძელებად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, თუ ჟურნალისტებზე თავდასხმას რეაგირება არ მოჰყვება, შესაძლოა, მსგავსი ფაქტები პერმანენტული გახდეს.
სამოქალაქო სექტორი ეფექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
საინფორმაციო პორტალის „Europe for Georgia ევროპა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე აღნიშნავს, რომ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტებს ესხმიან თავს, ეს სხვებისთვისაც მაგალითია.
„თუკი ხელისუფლება არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას არასამთავრობო სექტორის და მედიის მიმართ, ჩვენ ძალიან მძიმე შედეგებს მოვიმკით და ეს უნდა ესმოდეს ხელისუფლებას,“ - განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.
სახელმწიფოს მხრიდან სწრაფ და მკაცრ რეაგირებას ელის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე. ის განმარტავს, რომ თუ ამ საქმეზე დროული გამოძიება არ დაიდება, ეს სხვა პოტენციურ მოძალადეებს წაახალისებს.
„ყველა ასეთ ფაქტზე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ძალიან მკაცრი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება, რადგანაც ასეთ ფაქტებზე დამნაშავეთა, მოძალადეთა დაუსჯელობა ახალისებს შემდგომ ახალ ტალღებს ძალადობის. ჟურნალისტებისთვის საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა, ეს არის გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევა,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.
ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ცდილობს „რუსთავი 2“-ის დემონიზაციას.
„მიქსევა ხდება ადამიანების, პრაქტიკულად, მხარდამჭერების განსაკუთრებით და თუ ამ რიტორიკას შეწყვეტს ხელისუფლება, მისთვისვე იქნება კარგი იმიტომ, რომ როცა ასეთი კამპანიაა გაჩაღებული ერთი მედია კომპანიის წინააღმდეგ იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ „რუსთავი 2“-ის გაშუქება, ამას შეიძლება მოჰყვეს შედეგები სამომავლოდაც,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
„რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა გუშინ მოხდა, როდესაც ისინი ხარაგაულში რეპორტაჟს ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდნენ. მათ კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები დაესხნენ თავს.
მომხდარის შემდეგ შსს-მ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.