სტრასბურგში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს. მათ მოლაპარაკებები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ჰქონდათ.
დღეს კი ისინი გენერალური სამდივნოს წევრებს შეხვდნენ, სადაც ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოსა და შავი ფულზე ისაუბრეს. ასევე აქტუალური იყო „რუსთავი 2“-ისა და „ომეგა ჯგუფის“ საქმეც.
საქართველოს "ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პროცესზე იმსჯელეს და ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა ხაზგასმით თქვეს, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, დასავლეთს მკვეთრი რეაქცია ექნება.
„დეტალურად იყო განხილული საარჩევნო პროცესი, ხაზი იყო გასმული იმაზე, რომ გაყალბების შემთხვევაში ძალიან მკვეთრი რეაქცია იქნება აქედან, აგრეთვე ძალიან დეტალებში აინტერესებდათ „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ჩვენ ხაზი გავუსვით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს, რომელიც სტრასბურგში იხილება და მათ დეტალური ინფორმაცია აქვთ ამ მიმართულებით და ძალიან დიდი მონიტორინგის ქვეშ არის „რუსთავი 2“-ის საქმე,“ - განაცხადა დავითაიამ.
პოლიტიკური გაერთიანების „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, შეხვედრის დროს ისაუბრეს ყოფილი შს მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ასევე, დააყენეს საკითხი, რომ ამის შესახებ დეკემბერში მინისტერიალზე იმსჯელონ.