სახელმწიფო რეკეტიდან სახელმწიფო გადატრიალებამდე - "ომეგა ჯგუფის" საქმის დღეს გასაჯაროებული ჩანაწერები ახალი პოლიტიკური დაპირისპირების და ბრალდებების მიზეზი ხდება.
ახალ ჩანაწერებს დღეს პირველად ეხმაურება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის ხელისუფლებიდან მოცილებასაც ითხოვდა ვანო ჩხარტიშვილი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 2012 წლის არჩევნები იყო რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი დასაყრდენი ვანო ჩხარტიშვილი იყო.
ფარული ჩანაწერში, რომელიც „კურიერს“ სანდრო წყარომ მიაწოდა, ვანო ჩხარტიშვილი ვრცლად საუბრობს მოსკოვთან კონსპირაციულ მოლაპარაკებებზე და პირდაპირ ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელს მესამე პრეზიდენტი დამხობა სთხოვა.
ჩხარტიშვილის მტკიცებით, მას სერგეი ნარიშკინმა ურჩია, გეგმის სისრულეში მოსაყვანად არ ეთანამშრომლა რუსეთის სპეცსამსახურებთან და კავშირზე პირდაპირ პუტინის გუნდთან ყოფილიყო.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენს ოპოზიცია სამშობლოში ღალატში ადანაშაულებს და მის წინააღდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
მძიმე ბრალდებებს წერილობით გამოეხმაურა, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი. მან პოლიტიკურ აღიარებას კაცების ჭორაობა უწოდა, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება კი ტელესერიალს შეადარა.
2011 წლიდან ნარიშკინი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, სწორედ ამ პერიოდში ჰქონდა, სავარაუდოდ, მას მოლაპარაკებები ვანო ჩხარტიშვილთან სააკაშვილის დამხობაზე. 2016 წლის ოქტომბრიდან სერგეი ნარიშკინი საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი გახდა.
ნარიშკინი მეოთხე პირია რუსეთის ხელისუფლებაში, ვინც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში შეიყვანა და შტატებში ჩასვლა აუკრძალა.